საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ლოგო შეიცვალა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კომპანია branding.ge-თან ერთად, ფონდის რებრენდინგი განახორციელა. შეიცვალა ფონდის ლოგო და კორპორატიული ელემენტები. რებრენდინგის პროცესმა, ძირითადად, ფონდის ვიზუალური ნაწილი – ლოგო, კორპორატიული სტილი, ფერები მოიცვა. მუნიციპალური განვითარების ფონდს დღეიდან ახალი ლოგო ექნება.
ლოგოტიპის სიმბოლო ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე შეირჩა. ახალი ლოგო ვიზუალურად ქმნის საქართველოს რუკის ასოციაციას. მოგეხსენებათ, რომ სწორედ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ახალი ლოგოს კონცეფცია განვითარების, ზრდისა და რეაბილიტაციის ვიზუალიზაციაა. წარმოდგენილი მიმართულება ასახავს ფონდის ძირითად მიზანს, რომელიც საქართველოს რეგიონების განვითარების ხელშეწყობაში მდგომარეობს.
ლოგოს შემადგენელი ელემენტები, რომელიც, ამ შემთხვევაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებია, დინამიურად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთ მთლიანობას – საქართველოს რუკას. წარმოდგენილი გრაფიკა იძლევა სისტემური განვითარების აღქმას და, შესაბამისად, ლოგო სანდოობის და სიძლიერის გამომხატველია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფონდის ლოგოდან და კორპორატიული ელემენტებიდანაც ნათელი ყოფილიყო, რომ მგფ ზრუნავს მთელი საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაზე. შესაბამისად, შეიქმნა ახალი ლოგო, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გახდება საკომუნიკაციო მესიჯი. ახალი ლოგო უნდა გახდეს უნიკალური ნიშანი, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება, მოახდინოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იდენტიფიკაცია.