ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას. სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. პროექტი 2020 წელს დასრულდება.