პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე კორპუსები დაათვალიერა
256 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ზუგდიდში 8 ახალი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერეს.
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით ახორციელებს. მას შემდეგ, რაც ზუდგიდში, თაბუკაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კორპუსების მშენებლობა დასრულდება, ასობით დევნილ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხ და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. საერთო ჯამში, პროექტით 256 ბინის მშენებლობაა გათვალისწინებული, აქედან 24 1-ოთახიანი ბინისა, რომლის საშუალო ფართობიც 35კმ.მ-ია, 112 2-ოთახიანი ბინის, რომლის ფართიც 40-51 კვ.მ-ია და 120 3-ოთახიანი ბინის, რომლის ფართობიც 65 კვ.მ-ია. პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება) მშენებლობას. საცხოვრებელ უბანში გათვალისწინებულია გამწვანებული ბაღის, საბავშვო და სპორტული მოედნის მოწყობაც. მთელ ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდება, ასევე, გამწვანდება ტერიტორია, სპორტულ მოედანზე კი ხელოვნური საფარი დაიგება. ყველა სახლს ექნება ღია ავტოსადგომი, ძირითადი გზების ავტოსადგომზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი.
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ტერიტორიაზე ჭაბურღილების ბურღვაც მიმდინარეობს. ამ სამუშაოების შედეგად, 8 კორპუსის მოსახლეობას ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და არ იქნება დამოკიდებული ქალაქის ქსელზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება კარმის ტიპის გამათბობელი და გაზქურა.
კორპუსების მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. სამუშაოების საერთო ღირებულება 10 მლნ. 339 ათასი ლარია.სამუშაოებს ქართული კომპანია - შპს ,,დაგი“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე, ამჟამად, 150 ადამიანია დასაქმებული, აქედან 120 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 30 - დევნილი. სამუშაოების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ, დამატებით, 50 დევნილი დასაქმდება.
მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დასრულდება.