ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

28 ოქტომბერი 2019

საქართველოს რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. სწორედ ამიტომ მუნციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში, უკვე დაწყებულია გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, ხოლო გორის თავშესაფრის მშენებლობაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო რაც შეეხება რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის თავშესაფრებს, მიმდინარეობს პროექტირება. საპროექტო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.  რაც შეეხება მშენებლობას, თავშესაფრების განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან, რათა დროულად მოხდეს დანარჩენი თავშესაფრების მშენებლობაც.

ცხოველთა ყველა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

 

პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყნის ექვს მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, მიუსაფარი ცხოველების  პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, ძალიან კარგი დროებითი საცხოვრებელი.