სოფელ საკობიანოში ახალი ამბულატორია დამონტაჟდა და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა
81 ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მორიგი ამბულატორია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში დაიდგა. ამბულატორია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაამონტაჟა, რის შემდეგაც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა. უახლოეს დღეებში სოფელ საკობიანოს მოსახლეობას ადგილზე შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვისთის საჭირო მომსახურეობის მიღება.
საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. მონტაჟის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-42 კვ.მ-ია.
შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთის.
ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინს განახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.