გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი გაეცნენ.
კახეთის რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. პროექტის დასრულების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, ძალიან კარგი დროებითი საცხოვრებელი.