მაია ცქიტიშვილი მარნეულში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
„განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, მარნეულში, 7 ახალი სკოლა შენდება და მალე ტენდერზე მე-8 სკოლაც გამოვა, ქვეყნის მასშტაბით კი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ეს პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია და ყველა პროექტი შეესაბამება ახალი სკოლის სტანდარტს, ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაც გამოიყოფა.
„რეგფონდიდან, შარშან, 600-ზე მეტი სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოები დავაფინანსეთ და წელსაც 40 მლნ ლარით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე დაფინანსდება პროექტები, რომლის ფარგლებში, პირველ რიგში, გაკეთდება ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები და სახურავები,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.