ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობაში ფრანგი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთვნენ
ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს ვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.
ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი. დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს.
საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.
ბაგირების მონტაჟისა და ტესტირების პერიოდში უსაფრთხოების მიზნით ქალაქ ჭიათურის გარკვეულ ნაწილს შეეზღუდება ელექტრო ენერგიის მიწოდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენელობის სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომას დაასრულებს.
,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ ფრანგი სპეციალისტები საბჭოს მიერ დადგენილი წესით, 14 დღის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას. ასევე, სამუშაოების წარმოებისას დაცული იქნება საქართველოში მოქმედი ყველა რეგულაცია.