ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას. პროექტით გათვალისწინებულია კალათბურთის, მინი ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნების მოწყობა. აშენდება სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე. სპორტულ კომპლექსში იქნება დარბაზი ტრენაჟორებისთვის, ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად, საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. სპორტულ კომპლექსში განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
სპორტული კომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ადგილზე გაეცნენ.