საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გიორგი სომხიშვილი უხელმძღვანელებს

23 აპრილი 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს. გიორგი სომხიშვილი, ფონდის ხელმძღვანელად,  პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა. გიორგი სომხიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდში, 2012 წლიდან მუშაობს. 2013 წლამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა,  ხოლო 2013 წლიდან დირექტორის მრჩეველი იყო. შესაბამისად, სომხიშვილი ფონდის სტრუქტურასა და  საქმიანობას დეტალურად იცნობს. 

 

გიორგი სომხიშვილი სხვადასხვა წლებში იყო რამდენიმე მსხვილი სამშენებლო კომპანიის ფინანსური დირექტორი.  მას დიდი გამოცდილება აქვს მშენებლობის მართვისა და მონიტორინგის კუთხით. ის ასევე გასულ წლებში  იკავებდა სამშენებლო კომპანია  შპს „არქსტუდია პმ“-ში დირექტორის პოზიციას, რომლის დროსაც  კომპანიას 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო პროექტები აქვს განხორციელებული.   გიორგი სომხიშვილი იყო კომპანია Wardrop & Alexander"-ის (მშენებლობა, მშენებლობის მართვა და მონიტორინგი) თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი. კომპანიაში მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა  საგადასახადო და ფინანსური საკითხების მართვა, ისევე როგორც პროექტების მენეჯმენტი.

სამშენებლო საქმიანობამდე, გიორგი სომხიშვილი დაკავებული იყო საბუღალტრო, საკონსულტაციო და აუდიტორული საქმიანობით კომპანიაალექსანდრე”-ში. წლების განმავლობაში, კომპანიაში მას ეკავა სხვადასხვა, როგორც რიგითი, ასევე ხელმძღვანელი პოზიციები.

 

1999 წელს გიორგი სომხიშვილმა დაარსა  საბუღალტრო კომპანია, რომელსაც იმ დროისთვის ქვეყანაში ანალოგი არა ჰყავდა, აღნიშნული კომპანია დღეს შეადგენს კომპანიაალექსანდრე”- სტრუქტურულ ნაწილს და აღიარებული ლიდერია საქართველოს საბუღალტრო მომსახურების და საგადასახადო საკონსულტაციო ბაზარზე.

 

გიორგი სომხიშვილს გამოცდილება აქვს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში, კომპანიის საგადასახადო და სააღრიცხვო სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში,  მშენებლობის მართვის, აღრიცხვისა და პროგრამული სისტემების დანერგვაში. ის ასევე იყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და დირექტორთა საბჭოს წევრი, ამასთან ევროპის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი.  

 

სომხიშვილი სხვადახვა წლებში სამშენებლო სფეროში არსებულ წამყვან კომპანიებში იკავებდა როგორც რიგითი თანამშრომლის, ასევე ხელმღვანელი პირის პოზიციას.

 

გიორგი სომხიშვილი თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.  გამოცდილება აქვს კომპიუტერული ტექნოლოგიების მართვასა და საოფისე, საბუღალტრო პროგრამების მართვაში.

 

შეგახნსებთ, რომ  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი დირექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა.