სამცხე ჯავახეთის რეგიონში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებისა განხორციელება აქტიურ ფაზაშია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტები დაწყებულია ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
სამცხე ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს ქ. ბორჯომში მ.კოსტავას სახელობის პარკის და მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები, ადიგენში თამარ მეფის ქუჩაზე, ახალციხეში ნათენაძის ქუჩაზე და მიმდებარე სკვერისა და გიორგი ბრწყინვალის მოედანზე, ახალქალაქში თავისუფლების ქუჩასა და ცენტრალურ მოედანზე, ნინოწმინდაში ჰაიოს-ქართლოსის სკვერსა და თავისუფლების ქუჩაზე მდებარე პარკში და ასპინძის მუნიციპალიტეტში სამკუთხა სკვერის და ომის მემორიალის რეაბილიტაცია.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.