პრემიერ- მინისტრი სალთვისი-ტირიფონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სალთვისი -ტირიფონის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათავლიერა. პროექტის დასრულების შედეგად, რაც 2014 წლის ივლისამდე მოხდება, ომის შედეგად დაზარალებული 39 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის სარწყავი სისტემის გაუმჯობესება მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები პრემიერთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტსრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა და ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა დაათვალიერეს.
სალთვისი- ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის
შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტზე, რომლის ღირებულებაც
14 მილიონ ლარს აჭარბებს, ასამდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
სალთვისის და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ საზღვარს მიუყვება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ომისგან დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პრემიერის შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტები უდიდესი მხარდაჭერაა ე.წ საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ბევრი სირთულის მიუხედავად თავიანთ მეურნეობებს ინარჩუნებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონფლიქტების მოგვარების წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა, რისკენაცსაქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.
ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავი სისტემის გაუმჯობესება.
ეს სოფლებია ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში,
ქიწნისი, მარანა, კარალეთი.
სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს
სოფლებია ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი,
ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი.
პროექტს კონფლიქტურ ზონაში ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80“ ახორციელებს.
2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა,
მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა. უწყლოდ დარჩენილ სოფლებში
მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საწრყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად აღდგება.