მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სკოლა 240 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 2,6 მილიონი ლარით ფინანსდება.
სოფელ ბეჩოს სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, სკოლის მოსწავლეები სწავლას განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიაში, ასევე, 2 ახალ სკოლას აშენებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 77 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.