ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდმა ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. სკოლა 421 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 3,3 მილიონი ლარით დაფინანსდა.
სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
განახლებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა.
ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 77 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა.
საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.