ირაკლი ქარსელაძე-,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა არის ახალი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის მკვიდრთათვის და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო, წყალმომარაგებისა და „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ დედოფლისწყაროსა და სიღნაღში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. კერძოდ, დედოფლისწყაროში რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების, ხოლო სიღნაღში სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული განახლების სამუშაოებს.
დედოფლისწყაროში, რუსთაველის და ჰერეთის ქუჩებზე მიმდინარეობს 13 შენობის მოპირკეთების სამუშაოები და დაწყებულია 23 შენობის განახლების მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე, დასრულებულია გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, ხოლო შადრევანის მოპირკეთებისა და გამწვანების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. ქალაქ სიღნაღის სარაჯიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კი, დასრულებულია 12 კერძო სახლის მოპირკეთებისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს არსებული ღობის აღდგენითი და ახალი ღობის აგურით მოწყობის სამუშაოები. ქალაქში დაწყებულია ჭავჭავაძის ქუჩის სახლებისა და ღობეების განახლების სამუშაოებიც.
ირაკლი ქარსელაძემ და დავით ტაბიძემ, ასევე, დაათვალიერეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროშო, 141 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია, გამაგრება, წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო სისტემების განახლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მიმდინარებს წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტებიც. კერძოდ, დედოფლისწყაროს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის (ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის) წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა, რეაბილიტირდება და აშენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, სატუმბო სადგურები და სათავე ნაგებობები, რასაც ჯამურად 58 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის და საქობაოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის 27 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შედეგად, 17 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.