ირაკლი ქარსელაძე - რუსთავის სპორტკომპლექსი რეგიონში სპორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება

12 თებერვალი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსს აშენებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე ადგილზე გაეცნენ.

სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. სპორტული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინი ფეხბურთი და სხვა. 

შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ  გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება, მიმდებარე ტერიტორია კი  გამწვანდება.

 

სპორტული კომპლექსის პროექტი საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისქწინებით შემუშავდა.

 

სპორტული კომპლექსი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 19.3 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.