მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად 5000-ზე მეტ მოსახლეს წყალმომარაგების მიწოდება და წყლის ხარისხი გაუუმჯობესდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3,983,171 ლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის მეორე ეტაპის დასაფინანსებლად. სწორედ აღნიშნული სესხის ფარგლებში მოხდება ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზესტაფონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს 28 ქალაქში განახორციელებს. 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ევროა გამოყოფილი.
ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიწის სამუშაოები, ფოლადისა და პოლიეთილენის მილების მონტაჟი და ასფალტის საფარის მოწყობა.
ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად მოხდება წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია ჯამური სიგრძით 22კმ. აღნიშნული სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება, კერძოდ, თამარ მეფის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებს წნევიანი წყალდენის ბოლო 500 მეტრის შეცვლას, „300 არაგველის“ 1600 მ³ და 500 მ³ ტევადობის რეზერვუარების შეკეთებას;საავადმყოფოს დასახლებაში მდებარე სატუმბო სადგურის შენობის დემონტაჟს და ახალი სადგურის მშენებლობას. ასევე „ხოხოულას“ წნევიანი მაგისტრალის 150 მ დაზიანებული უბნის მთლიანად გამოცვლას; რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა 1400 აბონენტზე.
სამუშაოების დასრულების შედეგად, რომელიც 18 თვე გაგრძელდება, წყალმომარაგების პირობები გაუუმჯობესდება ზესტაფონის მოსახლეობის 5000-ზე მეტ მოსახლეს. წყლის მიწოდების გრაფიკი კი გაიზრდება 7-დან 12 საათამდე.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს საკონკურსო ვაჭრობაზე მონაწილეობის უფლების მქონე და კვალიფიცირებულ ორგანიზაციებს, რომელთაც უნდა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები დალუქულ კონვერტებში. დაინტერესებულ პირებს სატენდერო წინადადება შეუძლიათ იხილონ ფონდის ვებ გვერდზე www.mdf.org.ge.