სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 75 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ანაგასა და სოფელ ქვემო ბოდბეში 75 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღებს აშენებს. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ჯამში 150 - მდე ბავშვს მოემსახურება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.
ახალ საბავშვო ბაღებში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
ახალი ბაღების მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 7 მილიონი ლარით აფინანსებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურით, ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს.