ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
დღეს, ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ბაკურიანი 2025), EOC-ის ქარტიის შესაბამისად, ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ და ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში დასრულებული ევროპის რიგით XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს, როგორც მომდევნო ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გარდამავალი დროშა უკვე გადაეცა.