ქალაქ რუსთავში 2 სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
ქ. რუსთავის №25 და №26 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ჯამში, 1120 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.
სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობით გაფრთხილებისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და დარჩენილ სამუშაოებს ხელახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სკოლები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, დაათვალიერა.
ძველ სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსწავლეები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.