რუსთავის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს.
ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტულ კომპლექსში სპორტის სხვადასხვა სახეობის, - კრივის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის და ტრენაჟორის დარბაზები ეწყობა.
კომპლექსი მოიცავს მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ და საჭირო სივრცეებსა და სათავსოებს - გასახდელებს, ინვენტარის შესანახ და დასასვენებელ ოთახებს, სველ წერტილებს. ეწყობა 1500 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნა და საკონფერენციო დარბაზი.
სპორტულ კომპლექსს ექნება ღია კაფე, ავტო პარკინგი და რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკებითა და გარე განათებით.
პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება, დასკვნით ფაზაშია. მისი ღირებულება, დაახლოებით, 21 მილიონ ლარს შეადგენს.
რუსთავის სპორტული კომპლექსის პროექტი შემუშავებულია საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისწინებით.