ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლაში ივლიან.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დაასრულა.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიონი ლარია.
საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 171 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობიდან, სამუშაოები უკვე დასრულებულია 144 სკოლაში. 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, დამატებით 16 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოების ეტაპობრივი დასრულებაა დაგეგმილი.
მასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 5 სკოლის დასრულდება დაგეგმილია 2024 წელს, ხოლო, CEB-ით დაფინანსებით, თბილისის 6 სკოლის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის 60 მილიონი ევროს მხარდაჭერით, უკვე დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, აშენდება და რეაბილიტირდება, სულ, 64 სკოლა. აქედან, 5 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, ხოლო 15 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. დარჩენილ სკოლებზე, ტენდერები 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება.
ფონდი, აგრძელებს სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობის პროგრამას და 2024 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დაახლოებით, 200-მდე სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა.