დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 6.5 მილიონ ლარზე მეტია.
სახლ-მუზეუმის კომპლექსი სამი შენობისგან შედგება - ისტორიული მუზეუმის შენობა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლი.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია კომპლექსში შემავალი სამივე შენობის რეაბილიტაცია/რესტავრაცია და შიდა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამ დროისთვის პრაქტიკულად დასრულებულია რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი და დარჩენილია შიდა მოპირკეთების სამუშაოები.
პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.