ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 100 ბავშვზე გათვლილი 2 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და სოფელ ხაჯალიაში, 100 ბავშვზე გათვლილი, 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა.
ახალი ბაღების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა 8,8 მილიონი ლარით დააფინანსა.
პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79,5 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით.