მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 5 მილიონი აშშ დოლარით თანადაფინანსდება
დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ შოხმა სატრასტო ფონდის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. პროექტი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის 5 მილიონი აშშ დოლარით თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ლეჟავა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი სომხიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია კონკრეტული მუნიციპალური მომსახურების, ინფრასტრუქტურის ეფექტურობის და სანდოობის გაუმჯობესება, რაც პრიორიტეტული ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განახლებაში ინვესტირებით, თვითმმართველობის ორგანოების მომსახურების უნარების და სისტემების გაუმჯობესების ხელშეწყობით იქნება მიღწეული.
პროექტის განხორციელებას 2014-2018 წლების განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდი, ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს.
პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს: ინვესტირებას ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით და ინსტიტუციურ განვითარებას. პირველი კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია პრიორიტეტული მუნიციპალური მომსახურების რეაბილიტაცია და გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქებსა და სოფლებში კერძო ინვესტიციების მოზიდვას... რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოყოფილი 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მათი ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
პროექტის განხორციელების შედეგებით მცირე ზომის საწარმოებიც ისარგებლებენ. ასევე, მოსალოდნელია, რომ ახალი საწარმოები შერჩეული მუნიციპალიტეტებით დაინტერესდებიან. ამის შედეგად, პროექტი შემოსავლების და ახალი სამუშაო ადგილების მატებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, საერთო კეთილდღეობის ზრდას განაპირობებს.