რეგიონული განვითარების მინისტრმა 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა

10 ივლისი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, დღეს მედიას და საზოგადოებას სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების 6 თვის მუშაობის შედეგები წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციაზე მინისტრმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის  ცნობით, ფონდმა აღნიშნულ პერიოდში განახორციელა და დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები.  ფონდს ამჟამად 160 მიმდინარე პროექტი აქვს. საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა დამატებით 105 პროექტის განხორციელება. პირველ კვარტალში კი 20 პროექტი უკვე დასრულდა.

 

მინისტრის ცნობით ფონდმა სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის  ღირებულება  14,068,557 ლარია.   სალთვისი-ტირიფონის  საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად  39 სოფლის მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწა მოირწყვება.  2008 წლის  ომის შემდეგ შექმნილი პრობლემა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სწორედ პროექტის განხორციელების შედეგად მოეხსნა. 

 

ამას გარდა ხოკრიშვილის ცნობით, ფონდმა  2014 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული მუშაობის შედეგად მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად, დედაქალაქის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების  მეტროსადგური მოემსახურება და არსებულ 22 მეტროსადგურს 2016 წელს 23-ე სადგური დაემატება.

 

მინისტრის განცხადებით ფონდის მიერ ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ფოთსა და ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. კორპუსების მშენებლობის შედეგად  536 იძულებით გადაადგილებული ოჯახი თანამედროვე სტანდარტის საცხოვრებელ სახლს მიიღებს.

 

ამავე პერიოდში მუნიციპალური  განვითარების ფონდმა როშკა-არხოტის 25 კილომეტრიანი გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.   აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ერთმანეთს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი დაუკავშირდება. არხოტში გზა აქამდე არასდროს ყოფილა და სოფელი დაცლის პირას მივიდა. თუმცა გზის გაყვანის შემდეგ, როგორც მინისტრმა განაცხადა,იქ 34 ოჯახი აპირებს დაბრუნებას.

 

მინისტრის ინფორმაციით  ფონდმა ამავე პერიოდში  დაიწყო 82 ამბულატორიის დამონტაჟების პროექტი, ამ დროისთვის ფონდის მიერ 40 ამბულატორია უკვე დამონტაჟებულია, დანარჩენი კი წლის ბოლომდე დამონტაჟდება. ამასთან თვილისში აშენდება მიუსაფართა თავშესაფარი, რომლის პროექტირებასაც ფონდი უახლოეს პერიოდში დაასრულებს და სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს.

 

საანგარიშო პერიოდში მუნიციპალური განვითარების ფონდმა  თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება, მოსახლეობისთვის კი მგზავრობა უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 88,761,128,95 ლარია.

 

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ამავე პერიოდში მიმდინარეობს ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 15,800, 759,49 ლარია. ასევე დაიწყო ანაკლიის ნაპირდაცვის მეორე ფაზის საპროექტო სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს ბათუმის ნაპირდაცვის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვის პროცედურები.