დუშეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 დუშეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა და  რეაბილიტაცია მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.


პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ოთხივე ბაღის ღირებულება 7 მილიონს შეადგენს. ჯამში, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, ფონდი, 26 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურსა და სოფელ ფასანაურში პატარებისთვის სრულიად ახალი ბაღები აშენდება, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტსა და დაბა ჟინვალში არსებულ ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ოთხივე ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. 
 
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით დაბა ანანურში, სადაც 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. ზოგადად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამში 26 საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულება 46 მილიონი ლარია. ჩემი აზრით, ეს პროექტები საკმაოდ შეცვლის აქაურ გარემოს და ბავშვების სოციალური პირობები ბევრად გაუმჯობესდება. მშენებლობის შეფასებისას გვქონდა გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც მშენებელმა უნდა გაითვალისწინოს, და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ დავბრუნდებით, რომ გადავამოწმოთ ყველაფერი,“ — განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ.
 
ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია 6 ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაცია. მხოლოდ საბავშვო ბაღების პროგრამისთვის, მცხეთა-მთიანეთში, ფონდს გამოყოფილი აქვს 46 მილიონ ლარზე მეტი.
 
საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა. 
 
მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღების შენობები სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღების აღსაზრდელები, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.