ბაკურიანში ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბი, საფეხმავლო და ველობილიკების პროექტი

24 ივლისი 2025
დაბა ბაკურიანში ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბი შენდება, რაც გულისხმობს მრავალფუნქციური და თანამედროვე სტანდარტების შენობის მოწყობას სხვადასხვა სახის მომსახურებისთის.
 
შენობაში განთავსდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეციალური ტექნიკის სადგომი, ავტოსამრეცხაო, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სერვისცენტრი და მრავალფუნქციური სამუშაო სივრცე.
ჰაბი მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე დამსვენებლებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო სისტემის ორგანიზებას მთელ კურორტზე.
 
ბაკურიანში, ასევე, გრძელდება საფეხმავლო და ველობილიკების მშენებლობა, რომელიც ბაკურიანის ძირითადი ქუჩებისა და რეკრეაციული ზონების დაკავშირებას უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და შეამცირებს ავტომობილების რაოდენობას ცენტრში.
 
სამუშაოები მოიცავს წრიული გზიდან კოხტას მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუმარიტაშვილის ქუჩისა და ცენტრალური მიმართულებით მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, გზის საფარის და გარე განათების სისტემების სრულ განახლებას, ასევე კომუნიკაციების – გაზის, ინტერნეტის და ელექტროენერგიის ქსელების შეცვლას.
 

მიმდინარე პროექტები სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მათი საერთო ღირებულება 23 მლნ ლარს შეადგენს.