მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს სოფელ ერგნეთში ახალი ამბულატორია დაამონტაჟა
June 2, 2014
მორიგი ამბულატორია გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში დამონტაჟდა. სენდვიჩპანელის მონტაჟს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო. გორის მუნიციპალიტეტში ფონდმა 12 ამბულატორია უკვე დაამონტაჟა კერძოდ, სოფელ კირბალის, აძვის, ჯარიაშენის, ახრისის, ქვემო აცვის, ფლავის, ქერეს, ქორდის, მეღვრეკისის, ქვემო ხვითისა და სოფელ წითელუბნის მოსახლეობას სოფლის ამბულატორიით სარგებლობა უახლოეს დღეებში შეეძლებათ.
დღეიდან კი სოფელ ერგნეთის მოსახლეობას ექნებათ შესაძებლობა ფონდის მიერ დამონტაჟებული ამბულატორიით ისარგებლონ. საქართველოს მასშტაბით 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2013 წელს 2,4 მილიონი ლარი გამოყო.
2014 წლის 13 მარტს მთავრობის განკარგულებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ამბულატორიების სრულად ადაპტირების მიზნით ბიუჯეტიდან დამატებით 24300 ლარი გამოიყო. შესაბამისად შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.