მუცო - დართლო - ჩაჟაში - ვარძია - ძეგლების რეაბილიტაცია იწყება
დღეს, სასტუმრო რედისონში მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტებისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე, საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და კულტურული მემიკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე. პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ძეგლთა დაცვის ფონდების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე, მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტებისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, წარმოდგენილი იქნა ძეგლთა დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ამსახველი ვიზუალური მასალები.
აღსანიშნავია, რომ დართლოს რეაბილიტაციის პროექტს, კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სოფელ დართლოში ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც დართლოში არსებულ 73 ობიექტიდან 72 ესაჭიროება რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი კახეთის რეგიონის ტურიზმთან და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მომსახურების და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. პროექტის განხორციელების შედეგად მოწესრიგდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რაც ტურისტების მოზიდვას და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
დართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. თუმცა, 2013 წლის 17 სექტემბერიდან 11 ოქტომბერს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მსოფლიო ბანკმა პროექტი წარუმატებლად შეაფასა, რამაც პროექტების ხელახლა შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია. შესწორებული პროექტების მიხედვით, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიმუშავეს, მიმდინარე წელს მოხდება დართლოში მდებარე 7 სახლის რეაბილიტაცია, ხოლო 27 შენობის სარემონტო სამუშაოები 2015 წელს განხორციელდება. დღეისათვის საპროექტო დოკუმენტაცია გაგზავნილია მსოფლიო ბანკში დასამტკიცებლად.
პროექტის ღირებულება 1,372,023 ლარია, რომლის 20%-იანი თანადაფინანსება მსოფლიო ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. პროექტის ხანგრძლივობა 15 თვეა და სულ 34 სახლის რეაბილიტაციას მოიცავს. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპრაკებები დონორთან, რათა გამოყოს თანხა რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება და კეთილმოეწყობა დარჩენილი შენობები. ასევე, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები.
სოფელი დართლო თუშეთის რეგიონში, კავკასიაში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, ტურისტების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გარეშე დართლო დაკარგავს მიმზიდველობას და დაიკარგება ის დიდი ტურისტული პოტენციალი რომელიც ამ ადგილს გააჩნია.