მგფ-ი სტუდენტებისთვის თბილისში 300 ადგილიან თანამედროვე საერთო საცხოვრებელს ააშენებს
სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უკვე განხორციელების ფაზაშია და მშენებლობისთვის საჭირო პროექტზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტებისათვის სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება მოხდეს, რისთვისაც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით თბილისში 300 ადგილიანი თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება.
საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5-6 მილიონი ლარია, თუმცა საბოლოო ღირებულება პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. პროექტირების ფაზა 2 თვიანია, მისი ღირებულება კი 98727 ლარია.
გარდა 3 საცხოვრებელი კორპუსისა პროექტით გათვალისწინებულია საზოგადოებრივი კორპუსის მშენებლობა, სადაც ადმინისტრაციული შენობა იქნება განთავსებული. პროექტის ფარგლებში გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინი პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ მოეწყობა, შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება.
საერთო საცხოვრებელი თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის ფერდობზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. სამშენებლო მოედანი ჯამში 15653 კვ მეტრია, სამშენებლო ფართი კი 5200 კვ მ .
საქართველოს მთავრობის მიზანია პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. მშენებლობის დასრულების შემდეგ აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.