ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა

16 სექტემბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში ახალი, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
 
პარკი მოეწყობა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ და მიზნად ისახავს ეკოლოგიურად მდგრადი, მრავალფუნქციური და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სარეკრეაციო სივრცის შექმნას.
 
ახალი პარკი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
 
„ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, ვგეგმავთ 80 ჰექტრამდე ცენტრალური პარკის მოწყობას. აღნიშნულ პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადებული გვაქვს, სადაც გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო დეტალურ პროექტირებას მოახდენს. გათვლილია როგორც დიდი სარეკრეაციო ზონა თავისთავად, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ქუთაისის სპორტის სასახლე. ვფიქრობთ, რომ დაიგეგმოს დიდი, სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა და თანმდევი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ასეთი დიდი ზომის პარკისთვის“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტრომა ბექა ურუშაძემ.
 
პროექტის მიხედვით, პარკში მოეწყობა საბავშვო სათამაშო ზონები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები. ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი სახეობების მცენარეებით.
 
პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ადგილები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, უსაფრთხოების და ვიდეო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურა.
 
ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.