წნორში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წნორში, 200 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს რამდენიმე ძირითადი შენობა-ნაგებობის და სივრცეების, მათ შორის დიდი და საბავშვო აუზების, ძიუდოს, კიკბოქსინგის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის და სატრენაჟორო დარბაზების მოწყობა.
ასევე, პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტექნიკური და დამხმარე ინფრასტრუქტურა — გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ადმინისტრაციული და კომერციული ზონები.
ამასთან, კომპლექსი უნდა მოიცავდეს კულტურულ-შემეცნებით ცენტრს, რომელიც გააერთიანებს მედიათეკას, ქორეოგრაფიულ და სახელოვნებო სივრცეებს და ინოვაციური ტექნოლოგიების კლუბს.
ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა და ავტობუსების პარკინგი, მათ შორის ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე და საფეხმავლო ბილიკები.
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის გამწვანებას, ასევე, სახანძრო უსაფრთხოების, გარე განათების და წყალმომარაგების სისტემების მოწყობას.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ხელმისაწვდომია ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.


