მდ.ლიახვზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები

10 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარშიც იმყოფებოდა და ტაძრის მიმდებარედ მდინარე ლიახვის ნაპირის დაცვის და ქალაქისთვის აუცილებელი დამატებითი ინფრასტრუქტურული საჭიროებებიც განიხილა, რომლებიც როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს მოემსახურება.
გორში მდინარე ლიახვზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია — ის იცავს დასასვენებელი პარკის მიმდებარე ტერიტორიას მდინარის ადიდების შედეგად შესაძლო დაზიანებისგან. შესაბამისად, პროექტის დროული, ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი და კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაცვით შესრულება სამინისტროს პრიორიტეტია.
პროექტით გათვალისწინებულია 458.36 მეტრი მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, ასევე 260 მეტრი არსებული ნაპირსამაგრი კონსტრუქციის ხიმინჯებით გამაგრება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებას.


