ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

15 იანვარი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.

 

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს.

 

კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს.

შენობებში განთავსდება  სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები.

 

მრავალფუნქციური კომპლექსი ასევე მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

 

კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია, ასევე, ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, რეკრეაციული ზონის და გამწვანების მოწყობა, ასევე გარე განათების, უსაფრთხოების  და  წყალმომარაგების სისტემების დაგეგმარება.