საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს. გიორგი ამაშუკელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 12 აგვისტოს #285 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა. გიორგი ამაშუკელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში 2013 წლიდან მუშაობს. შესაბამისად, ის სამინისტროს და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას დეტალურად იცნობს.
2013 წელს გიორგი ამაშუკელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2013 წლიდან 2014 წლის ივლისამდე გიორგი ამაშუკელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. 2014 წლის ივლისიდან კი იგი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ამას გარდა, გიორგი ამაშუკელი სხვადასხვა წლებში რამდენიმე საჯარო და კერძო უწყებაში მუშაობდა. 2013 წელს იგი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე იყო. 2012-13 წლებში შ.პ.ს. საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2010-12 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაცია/კანონის უზენაესობის ინიციატივის იურისტი (საქართველოს ოფისში). 2004-2007 წლებში კი საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების'' ადვოკატი. 2004-2005 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის სამართლის სპეციალისტი (სოციოლოგიური კვლევების დეპარტამენტში).
გიორგი ამაშუკელი თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. 1999-2004 წლებში ამაშუკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა . 2008 -2010 წლებში კი ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესისა და კომერციული სამართლის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი აიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი დირექტორი, გიორგი სომხიშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.