ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

28 იანვარი 2026
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ქუთაისის სტუმრები შეძლებენ დასვენებას, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას.
პარკში დაგეგმილია მედიათეკის, ღია ამფითეატრის, სპორტული მოედნების, სავარჯიშო ზონების, ჭარაკის მაგიდების, საბავშვო გასართობი სივრცეებისა და კვების ობიექტების განთავსება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს რეკრეაციული სივრცეებისა და სანაპიროს კუნძულთან დამაკავშირებელი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას.
პარკი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სარწყავი, განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით.
ახალი პარკის სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა ვიზიტორისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ახალი პარკის მოწყობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას.


