წყალტუბოში უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო

წყალტუბოში ახალი, უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პარალელურად, წყალტუბოში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არქიტექტორებთან და მშენებლებთან ერთად წყალტუბოში დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო დეტალებსაც გაეცნო.
დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებში წყალტუბოს არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ აშენდება 6 ათასამდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი.
პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედიაცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს.
ახალი სტადიონი შეძლებს მათ შორის მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიებების მასპინძლობას.
არქიტექტორულ პროექტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული არქიტექტორული კომპანია „სტუდია 9“ მუშაობს.


