მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს -30 მილიონიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“დასაფინანსებლად დღეს 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხის მეშვეობით სწორედ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასაფინანსებლად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ( SDC) გრანტის სახით 5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
პროექტის ძირითადი მიზანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალური განვითარებაა.
„უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით გვიცხადებს. პროექტი, რომელიც დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, მიმართულია საქართველოს რეგიონების სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. იგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალურ განვითარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„საქართველოს მთავრობამ მის მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში- საქართველო 2020 რეგიონს შორის განვითარების მხრივ არსებულ სხვაობასთან, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა. ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დაფინანსება, დეცენტრალიზაცია, ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება და ქალაქებისა და სოფლების სანდო მუნიციპალური ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით უზრუნველყოფა“, -განაცხადა ხელმოწერის ცერემონიალზე მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.
“ჩვენთან, ფონდში მუნიციპალიტეტებიდან არაერთი განაცხადი და პროექტია უკვე შემოსული, რომლის დაფინანსებასაც ითხოვენ. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში წლის ბოლომდე დავიწყებთ კონკრეტული პროექტების დაფინანსებას და ჩვენი მოსახლეობა ახლო მომავალში იგრძნობს იმ ეფექტსა და შედეგს, რომელიც ამ ხელშერკულების შედეგად დაფინანსებული პროექტების განხორციელებით იქნება მიღებული“,- განაცხადა ხელშეკრულებაზე ხლემოწერის შემდეგ ჟურანალისტებთან საუბრისას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპისათვის, უკვე დაგეგმილია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სოფელში გზის, წყალმომარაგების სისტემების და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღისა და სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია რომ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (დაახლოებით 85 მილიონი აშშ დოლარი) მიმდინარე „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პირველი პროექტი“ უკვე დასკვნით ფაზაშია და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალსადენების, კანალიზაციის სისტემებისა და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.