გორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება

14 თებერვალი 2026
გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება. ახალი სივრცე 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
 
პროექტის მიხედვით, კომპლექსი აშენდება მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად და მოეწყობა დახურული აუზი ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
 
გარდა ამისა, გათვალისწინებულია საბავშვო აუზი, გასახდელები და საშხაპეები, სხვადასხვა სპორტის სახეობის სავარჯიშო დარბაზები, მწვრთნელების ოთახები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი. შენობაში განთავსდება სწრაფი კვების პუნქტი და სპორტული მაღაზია.
 
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები და რეკრეაციული ზონა; დაიგეგმება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები და სრულყოფილი წყალმომარაგება.
 
სპორტკომპლექსის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს სივრცის ხელმისაწვდომობას ყველა მოქალაქისთვის.
 
პროექტის დეტალები ადგილზე განიხილეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და არქიტექტორებმა.
 

პროექტის მიზანია, გორში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას, პროფესიონალური სპორტის განვითარებას და რეგიონში მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას.