ხარაგაულში სპორტული კომპლექსის-ტექნიკური ცენტრის აშენება იგეგმება

ხარაგაულში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის აშენება იგეგმება.
ხარაგაულის სპორტული კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს მულტიფუნქციური სივრცეები, ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის განკუთვნილი აუზი.
კომპლექსი გააერთიანებს, ასევე, საბავშვო აუზს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის და მწვრთნელების ოთახებს.
ხარაგაულში იგეგმება, ასევე, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა რევაზ სოხაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განსაზვრული ტერიტორიების დათვალიერებისას განიხილა.


