ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ქალაქ ფოთში დაგეგმილი აქვს 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია.
პროექტი ითვალისწინებს ხეივნის სრულ განახლებას და თანამედროვე, ფუნქციურად გამართული რეკრეაციული სივრცის ჩამოყალიბებას.
პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული ნაწილი, მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ასევე შეიქმნება ადაპტირებული და კომფორტული დასასვენებელი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ქალაქში ეკოლოგიურად გამართული და მოქალაქეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ურბანული სივრცის ხარისხს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.
დაგეგმილი პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, სამეგრელოს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად ადგილზე განიხილა.


