ხობში სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება

20 თებერვალი 2026

 ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აგრძელებს რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგსა და შესრულების ხარისხის შემოწმებას. მინისტრი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილა.

 

ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია, რაც თანამედროვე, ეკოლოგიურად გამართული და მოქალაქეზე ორიენტირებული რეკრეაციული სივრცის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული ნაწილი, მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული დასასვენებელი ზონები.

 

პროექტის დეტალები მინისტრმა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა.

ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე რიონიზე ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა. 436-მეტრიანი, 8-მალიანი ფოლად-რკინა-ბეტონის ხიდი და 2 კმ-იანი მისასვლელი გზები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს. 60.8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკი-ის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას.

 

სენაკში იგეგმება თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნითა და სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურით, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

 

ამასთან, ქალაქში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური განახლება. პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობების, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციას, ახალი ქსელებისა და ბუსტერული სადგურის მოწყობას. 51 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის დასრულების შემდეგ 3 670-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რაც გზის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას გაზრდის.

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. სამუშაოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

ხობში ასევე იგეგმება თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, სავარჯიშო დარბაზებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებს. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

 

დაიწყო ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება, რომელიც 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომ სარეკრეაციო სივრცეს შექმნის. სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად, მოეწყობა სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, განახლდება არსებული ნაგებობები. პროექტს ამუშავებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალი“.

 

სამეგრელოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს რეგიონში თანამედროვე, უსაფრთხო და მოქალაქეზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას.