ინფრასტრუქტურის მინისტრი და მგფ-ის დირექტორი ამერიკის ელჩს შეხვდნენ
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, პირველ მოადგილესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ამაშუკელთან, ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინს, შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ამერიკის ელჩი ახალი მინისტრის ხედვებითა და სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებით დაინტერესდა. დავით შავლიაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძირითადი მიმართულებები არ შეცვლილა და უწყება ყველაფერს აკეთებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ფონდის დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა , შეხვედრაზე ელჩთან და USAID-ის მისიის დირექტორთან სწორედ აღნიშნული პროექტების შესახებ ისაუბრა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დარიალის ხეობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თვითმმართველობის რეფორმასა და სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ამასთან, შეხვედრაზე ითქვა, რომ USAID ქართულ მხარეს საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით საჭირო დახმარებასაც გაუწევს.
შეხვედრის დასასრულს ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მიიწვია. კონფერენციის თემა ქვეყანაში ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორის განვითარება იქნება.