სოფელ სამრეკლოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის გაჭიანურებული მშენებლობა დაათვალიერა.
მინისტრმა ადგილზე განიხილა პროექტის მიმდინარეობა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს მკაფიო მითითებები მისცა სამუშაოების დაუყოვნებლივ განახლებისა და განსაზღვრული ტემპითა და ხარისხით შესრულების შესახებ. მისი განცხადებით, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტრო მიიღებს შესაბამის, ადეკვატურ გადაწყვეტილებებს.
პროექტის მიხედვით, ახალ საბავშვო ბაღში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები. შენობაში განთავსდება სასწავლო და საძინებელი ოთახები, ადმინისტრაციული ბლოკი და სამზარეულო. ასევე დაგეგმილია შიდა და გარე სათამაშო ზონებისა და სპორტული მოედნის მოწყობა.
სოფელ სამრეკლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს.


