სოფელ არაფლოში სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 

 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

 

სკოლა გათვლილია დაწყებითი საფეხურის განათლებისთვის (I–VI კლასები). შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, სამასწავლებლო და სასწავლო პროცესისთვის საჭირო სხვა სივრცეები.

 

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათთვის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.

 

არაფლოს საჯარო სკოლის პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება 2.7 მილიონ ლარს აღემატება.