IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე სსიპ-ად დასახელდა

1 ოქტომბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც 2013-2014 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების გამჭვირვალობას ამოწმებდა,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  დაქვემდებარებაში მყოფი  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა.ინსტიტუტის შეფასებით კვლევის პერიოდში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი მიიღო.   

 

ორგანიზაციის მიერ 2013 წლიდან 2014 წლის ივლისამდე ჯამში 61 საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა.  IDFI-ის კვლევაში წერია, რომ 61 უწყებიდან ყველაზე გამჭვირვალე სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ოგანიზაციები იყვნენ. კერძოდ, ინფორმაციის ყველაზე მაღალი  ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი (96,25%)  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებებმა მიიღეს.  გამჭვირვალობის კუთხით მეორე და მესამე ადგილზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (95,56%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (94,53%) დაქვემდებარებული უწყებებია.

კვლევის პერიოდში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  დაქვემდებარებულ 4 უწყებას -  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს,  ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ორგანიზაციამ  სულ 67 მოთხოვნა  გაუგზვანა. სამინისტროს სამმა უწყებამ, 10 დღიანი ვადის დაცვით, ყველა მოთხოვნაზე სრული პასუხი გასცა. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაისში, IDFI-ის მიერ განოხრციელებული კვლევის შედეგად უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი მიიღო.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტრო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ,  ერთ-ერთ  გამჭვირვალე  უწყებად დასახელდა  რის  გამოც სპეციალური  ჯილდო - „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ - გადაეცა.

გასული წლის დეკემბერში კი კიდევ ერთი ჯილდო ინფორმაციის საჯაროობისთვის რეგიონულ  მაუწყებელთა ასოციაციისგან  მიიღო.