გიორგი ამაშუკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ აივეიდას, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, კერძოდ, კახეთისა და იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტებს. 2015 წლიდან კი, ასევე მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონული განვითარების მესამე პროექტი დაიწყება, რომელიც მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე -ჯავახეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. გიორგი ამაშუკელისა და აჰმედ აივეიდას შეხვედრის მთავარი თემაც სწორედ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის განხორციელება იყო.
რეგიონული განვითარების მესამე პროექტის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი აშშ. დოლარია. პროექტს, 60 მილიონით მსოფლიო ბანკი დააფინანსებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი გამოიყოფა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. პროექტი მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან, კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას.