გიორგი ამაშუკელი საქმიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი -გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად, სამშენებლო კომპანია „ADO-G”-ის მიწვევით, აზერბაიჯანში გაემგზავრა.
ვიზიტის მიზანია მშენებლობის უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. გიორგი ამაშუკელი და ვაჟა ფანჩულიძე სამშენებლო კომპანია „ADO-G”-ის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ. გაეცნობიან იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომელსაც სამშენებლო კომპანია პროექტების განხორციელების პროცესში იყენებს, თანამშრომლობის დამყარების მიზნით, შეხვდებიან კომპანიის ხელმძღვანელ პირებს.
კომპანია „ADO-G” 1998 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს შენობების, გზების, ესტაკადების, გემების, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მშენებლობას.