მგფ–ის დირექტორი აშშ–ში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე თანათავმჯდომარეობდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი.
ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე, რობერტ მენოუგი იყო.
მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების საკითხს დაეთმო. აღნიშნული დიალოგის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობის განხილვა. ქართულმა მხარემ წარმოადგინა დეტალური სამოქმედო ხედვა აღნიშნული დიალოგის გაღრმავებისათვის როგორც მთავრობათაშორის, ისე ბიზნესწრეებს შორის დონეებზე. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA) და საქართველოს პროგრესზე ამ მიმართულებით.
სამუშაო ჯგუფმა აგრეთვე განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიწოდების დივერსიფიკაცია, ინფრასტრუქტურული განვითარება, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს ეკონომიკური როლის ზრდა რეგიონში.